"NATOS პირველი სამიტია სადაც მივიღებთ... არაფერს - ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია გაუთანასწორდა ქართულ ფეხბურთს... გიხაროდენ!"- ხარშილაძე 
2018-07-12 16:35:09 · ამობეჭდვა

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით. წლევანდელი სამიტი ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში. პირველი სამიტია სადაც მივიღებთ... არაფერს- ამ განცხადებას ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე აკეთებს.

ხარშილაძე ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტს და საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან 2008 წლის მერე მარტივ ლოგიკას ექვემდებარებოდა. ყოველი სამიტის წინ საქართველო ცდილობდა მიეღო რაღაც პოლიტიკურად, ნატო ვერ გვაძლევდა და სამაგიეროდ ვიღებდით რაღაცას პრაქტიკულად, ახალ პაკეტს, საწვრთნელ ცენტრს და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული გვეხმარებოდა გაგვეღრმავებინა ნატოსთან თანამშრომლობა და თავსებადობა.
ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით, ქვეყანა რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე თეორიული შანსიც არ აქვს რაიმე პროგრესის.
ბოლოს, არ არის საკმარისი მარტო საელჩოების მუშაობა ბრიუსელში და ვაშინგტონში, სამუშაოა ევროპის დედაქალაქებში, თან ძალიან აქტიურად და უმაღლეს დონეზე.
მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ამაყად გაუთანასწორდა ქართულ ფეხბურთს თავისი წარმატებებით საერთაშორისო არენაზე.
გიხაროდენ!,"-წერს ხარშილაძე.





გაზიარება და მოწონება