2018-07-12 15:12:45
არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე - ზალკალიანი

ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე - ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაცია და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრები შეაფასა. 

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, მიღებული დეკლარაცია არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსი ინტეგრაციის გზაზე.

„კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე, რომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორცილებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებული ძალებთან.

კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, აქ ასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP), როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არის საუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთან ერთად ნატო-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ნატო-ში მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

ნატო პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით და აღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებული ძალების მდგრადობას და მის თავსებადობას ნატო-სთან“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

ამავე თემაზე