პროკურორებმა გვითხრეს, ჯერ არ არის დაზუსტებული სულ ყველა ჩვენება და ამიტომ ექსპერტიზას ნუ იჩქარებთო - ექსპერტი ხორავას ქუჩის საქმეზე
2018-07-11 18:14:24 · ამობეჭდვა

პროკურორებმა გვითხრეს, ჯერ არ არის დაზუსტებული სულ ყველა ჩვენება და ამიტომ ექსპერტიზას ნუ იჩქარებთო - ეს განცხადება, მოზარდების მკვლელობის საქმის ექსპერტმა გააკეთა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კომისიამ ის ექსპერტები გამოკითხა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ნივთმტკიცებულებები შეისწავლეს.

ექსპერტი გიორგი ცინცაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზას ამ დრომდე დადგენილი არ აქვს რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მსხვერპლი (დავით სარალიძე) და ჭრილობების მიმყენებელი ერთმანეთის მიმართ.

ცინცაძე ამბობს, რომ გამოძიებას დანიშნული აქვს ექსპერტიზა, სადაც უფრო კონკრეტული კითხვაა დასმული, ანუ რა მდგომარეობაში იქნენ დაჭრილი და დამრტყმელი ერთმანეთის მიმართ.

როგორც ექსპერტი ამბობს, ეს კვლევა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყო დანიშნული, თუმცა მაშინ საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო ექსპერიმენტი პროკურატურის მოთხოვნით არ ჩატარდა. ცინცაძე ამბობს, რომ საქმის პროკურორებმა ექსპერტებს უთხრეს, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცემა საჩქარო არ იყო.

„ეს ექსპერტიზა თავის დროზე იყო დანიშნული, მაგრამ ჯერ დამთავრებული არ არის გამოძიება...იყო პროკურატურასთან ლაპარაკი, რომ ჯერ პასუხს ნუ გაგვცემთ, იმიტომ რომ ძიებაშია საქმე.

ეს ზეპირი მინიშნებაა, როცა გამოძიება მიმდინარეობს ჩვენებების გადანაწილება მიდის. რამოდენიმე პიროვნებას სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული“-ამბობს ცინცაძე.

მისი თქმით, სასამართლოს წინ არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქმის ექსპერტებმა ქალაქის პროკურატურის წარმომადგენლებთან კონსულტაცია გაიარეს.

„27 აპრილს როდესაც ჩვენ სასამართლოს წინ კონსულტაცია გვაქვს, მაშინ იყო კითხვა დასმული მესამე საქმე(ექსპერტიზის დასკვნა დაჭრილისა და დანის დამრტყმელის მდგომარეობის შესახებ) როდისთვის გჭირდებათ, ჯერ არ არის დაზუსტებული სულ ყველა ჩვენება და ამიტომ ექსპერტიზას ნუ იჩქარებთო“-ამბობს ცინცაძე.





გაზიარება და მოწონება