2018-07-11 13:39:49
სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. უფლებადამცველების განცხადებით, საქმე ბრალდებულის ერთ ჩვენებაზეა აგებული, რომელიც კობაურს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული. 

ადვოკატ მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით, პროკურატურას ბრალდებულის ჩვენებიდან ის ნაწილები აქვს გამოყენებული, რაც ბრალდებისთვის იყო სასარგებლო. 

"ბრალდება აგებულია ბრალდებულის ერთ ჩვენებაზე, რომელიც გაუგებარია რა ვითარებაში მისცა. პროკურატურას ამ ჩვენებიდანაც მხოლოდ ის ნაწილები აქვს გამოყენებული, რაც ბრალდებისთვის იყო სასარგებლო. საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს და ვერ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამიტომ, არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების შუამდგომლობა და მალხაზ კობაური უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან", - განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

განცხადება პროცესზე თავად ბრალდებულმაც გააკეთა. მალხაზ კობაურის თქმით, სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს, ისინი ორმა პირმა დახოცა, რომლებიც მისივე განცხადებით უცხოელები იყვნენ. 

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი 

ამავე თემაზე