სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-07-09 19:03:12
თეორიულად თუ ვინმე ამიხსნის, რომ კონკრეტულ მოსამართლეს განსახილველი საქმე ჩაწყობით ხვდება, მაშინ გამოვალ და ბოდიშს მოვიხდი - მიქაუტაძე 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებული კვლევა განიხილეს. საბჭოს მოსამართლე წევრებმა კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციას ასახავს, ცხარედ გააკრიტიკეს და მას ტენდენციური უწოდეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის თქმით, თუ ვინმე ახსნის კონკრეტული მოსამართლის განსახილველი საქმე ჩაწყობით როგორ ხვდება, მაშინ ის საჯარო ბოდიშს მოიხდის.

"სასამართლო სისტემა შეფასებულია 6 ადამიანის გამოკითხვით, თუ ასეთი უნივერსალური ექვსი ადამიანი გვყავს, ყველა წავიდეთ, ჩავაბაროთ სასამართლო სისტემა იმ ექვს კაცს და თუ ამდენი იციან და ამდენი შეუძლიათ, ალბათ, ისეთ შედეგებს დადებენ, რომ შეიძლება გასაოცარი ამბავი ვიხილოთ. არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზულად გამოიყურება ეს. ავტორიტეტულ ორგანიზაციებს დავეკითხოთ, წავიკითხოთ მეთოდოლოგია, 
შეიძლება, რომ ნახევარ მილიონიანი საქმის განმხილველი ორგანიზაცია ექვსმა კაცმა შეაფასოს და აქედან დაიდოს კვლევა იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ობიექტური არის?! ფაქტია, გარკვეული მიზნები არსებობდა ამ კვლევის დაწყებამდე და ამ მიზნებიდან გამომდინარე ჩატარდა და არა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად . ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ მართლა ობიექტური კვლევა მიგვეღო. ეს არის მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი.
არავინ არის იმ აზრზე, რომ სადმე შეიძლება კორუფცია არ არის და სადმე დანაშაული არ ხდება, ან სადმე უფრო უარესი შემთხვევა არ გვქონდეს, ამას არავინ არ ამბობს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე - გავხდეთ უკეთესები",- განაცხადა მიქაუტაძემ.

 მიქაუტაძემ განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაზე საუბრისას გააკეთა, რომელიც სასამართლოში არსებულ შესაძლო კორუფციის ფაქტებს ეხება.

ამავე თემაზე