2018-07-05 17:22:42
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნეს-სექტორს საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

2018 წლის 6 ივლისს, 11:00-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გახსნიან.

ანგარიშის წარდგენის ფარგლებში გაიმართება პალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგენენ იმ დაგეგმილ აქტივობებს, რომლებიც სამთავრობო  ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში იგეგმება, ასევე პრეზენტაციის ნაწილში  მოხდება დევნილებში ბიზნეს-სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების წარდგენაც. საუბარი შეეხება ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მეწარმე სუბიექტებში ტრენინგის საჭიროებების დადგენისა და ტრენინგების ჩატარების საკითხსაც, რაშიც მხარდაჭერას აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღმოუჩენენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონის შესაბამისად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგემნელი ნაწილია.  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე მისი ოფისი განთავსებულია თბილისში.  აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მათ შორის არიან, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება გაიმართება.

 

ამავე თემაზე