2018-06-30 17:28:37
იურიდიული კომპანია „ლეგალ პოინტ ჯორჯია’’ პროკურატურის განაცხადებას ეხმაურება

იურიდიული კომპანია „ლეგალ პოინტ ჯორჯიას’’ ინგა გრიგოლიას საქმესთან დაკავშირებით, ქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განაცხადებას ეხმაურება.

"იურიდიული კომპანია „ლეგალ პოინტ ჯორჯიას’’ განცხადება ინგა გრიგოლიას ადვოკატის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელდა სრულიად არაადეკვატური განცხადება, რაზეც გვსურს გავაკეთოთ განმარტება და საზოგადოებას მივცეთ ანალიზის საშუალება, რა წერია კანონში და როგორ შეასრულა ეს კანონი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარის საქმეზე. ცნობილია, რომ საქმეზე მსჯავრდებული რ.ნ. სტაციონარში მოთავსებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე. მის მიმართ ხორციელდებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა და რ.ნ ცნობილი იქნა შეურაცხად პირად. სასამართლომ შეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა და რ.ნ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით მოთავსდა სტაციონარში. სისხლის სამართლებრივი დევნა რ.ნ.-ს მიმართ ხორციელდებოდა ინგა გრიგოლიასადმი მუქარის და ადევნების გამო. რ.ნ-ს დაკავების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ის შეურაცხადია, მის მიმართ სისხლის სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ განხორციელდებოდა. თუმცა ეს ფაქტი არ გულისხმობს, იმას რომ რ.ნ-ს მისცემოდა დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების შესაძლებლობა.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა არის სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების სახე, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის, გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას. ამავე კანონის თანახმად, ექიმს უფლება აქვს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდოს პაციენტს კანონით გარანტირებული უფლებები: მათ შორის ტელეფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა. ამდენად, რ.ნ-ს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გარანტირებული უნდა ყოფილიყო რ.ნ-ს მიერ შემდგომში იმ დანაშაულბრივი ქმედების აღკვეთა, რომელიც ზიანს აყენებდა ინგა გრიგოლიას.

დაწესებულების ხელმძღვანელობას და ექიმებს პროკურატურის მხრიდან უნდა ქონოდა მითითება, რომ სახეზე იყო უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევა, რის საფუძველზეც უნდა შეზღუდულიყო რ.ნ-ს ტელფონითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება ინგა გრიგოლიასთან მიმართებაში. მით უმეტეს, რომ რ.ნ-ს დანაშაულბრივი ქმედების შემადგენლობა შეიცავდა მუქარას სატელეფონო ზარებითაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს შემდეგი მოცემულობა: პირის მიმართ არ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, ის მოთავსებულია სტაციონარში იძულებით მკურნალობისთვის და აგრძელებს იმ დანაშაულებრივ საქმიანობას რომელზეც პასუხს ვერ აგებს შეურაცხადობის გამო. საქმე გვაქვს სწორედ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებასთან, რამდენადაც პროკურატურას როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს, უნდა მიემართა ფსიქიატრიული დაწესებულებისათვის განმარტებით, რომ დანაშაულებრივი ქმედება გაგრძელდებოდა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ შეეზღუდებოდა პაციენტისათვის კანონით გარანტირებული სატელეფონო კომუნიკაციის უფლება. რადგან სწორედ პროკურატურა ახორციელბდა რ.ნ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, პროკურატურისთვის ცნობილი იყო პირის დანაშაულებრივი ქმედების ყველა დეტალი და პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, როგორც უკვე ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა, ასევე შემდგომი შესაძლო დანაშაულის პრევენცია. პროკურატურას კანონით ევალება მოქალაქეთა, მათ შორის დაზარალებულთა უფლებების დაცვა. პროკურატურის განცხადებიდან კი ჩანდა, რომ ამ უწყებისთვის კონკრეტულ მომენტში მთავარი იყო პროცედურულად თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისგან. პროკურატურას ამ შემთხვევაში არ აინტერესებს რეალურად დაცული იქნა ადამიანის უფლება თუ არა, მოგვარდა თუ არა პრობლემა ინგა გრიგოლიას მიმართ. 28 ივნისს პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მზადდებოდა დოკუმენტი-დადგენილება, რომლის საფუძველზეც ასეთ ქმედებებს აღარ ექნებოდა ადგილი. ნაცვალდ ამისა პროკურატურამ თავის განცხადებით თქვა, რომ ინგა გრიგოლია და მისი ადვოკატი არაკვალიფიციური მოთხოვნას აყენებდნენ, რაც აბსურდია. ეს მიგვაჩნია მცდელობად, პროკურატურის მხრიდან, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მთავარი პრობლემისგან და პასუხისმგებლობა მოიხსნას კანონით გათვალისწინებულ ქმედებაზე და იმ დაპირებაზე, რაც არაერთხელ მისცეს ინგა გრიგოლიას და მის ადვოკატს" - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე