სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-06-25 09:56:03
"კომისიას მივაწვდი, სრულ ინფორმაციას"- საგამოძიებო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენელს და პროკურორ ფხაკაძეს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისის დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლისა და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის გამოკითხვა მოხდება. სხდომა 10 საათზე უნდა დაიწყოს. 

„ბრალდების მხარე, კონკრეტულად მე კომისიას მივაწვდი, სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და ასევე სრულყოფილად გავცემთ პასუხს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს გააჩნია.

მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა დახურული იყო. რითაც შესაძლებლობა მოკლებული გვქონდა იმასა, რომ საზოგადოებისთვის საქმის გარემოებებთან მიმართებით სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.

ამასთანავე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ხსენებული დღე არის ჩვენი შესაძლებლობა იმისა, რომ ღიად ვისაუბროთ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ კანონიდან გამომდინარე არ შეგვეძლო გვეხსენებინა საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ გარემოებებზე, რაც უშუალოდ ეხება 2017 წლის პირველ დეკემბერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ვის მიერ მოხდა დანების გამოყენება, დანების გამოყენება რა ვითარებაში მოხდა და რა თქმა უნდა, მსჯავრდებულების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის კონფიდენციალურობას დავიცავთ“,- განაცხადა ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. 

ამავე თემაზე