2018-06-25 09:23:02
სტრუქტურული ცვლილებები - პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ხვალ მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბოლო კონსულტაციების შემდეგ პირველად ალაპარაკდნენ ბახტაძის გუნდის ახალ შემადგენლობაზე. გვარები კვლავ არ სახელდება, თუმცა ისინი დადასტურებით ამბობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ძირითადად ახალი სახეები იქნება.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რჩება 11 სამინისტრო - გაერთიანებული სამინისტროს სახით ჩამოყალიბდება განათლების, სპორტისა და კულტურის უწყებები; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, დევნილთა სამინისტრო კი ჯანდაცვის უწყებას შეუერთდება. 

„კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივედით და ეს გადაწყვეტილებები აისახება იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რაც მომდევნო კვირაში იქნება წარმოდგენილი. ამ ცვლილებების შემდეგ, პრემიერი დაასახელებს მინისტრების კონკრეტულ კანდიდატებს. ერთადერთი რაც მე შემიძლია დაგიდასტუროთ, განახლება ნამდვილად იქნება,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამავე თემაზე