2018-06-22 14:41:12
ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში ეკლესიის დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ - ზოიძე

ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ყველა დიდი ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებს და დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის საკითხზე წმინდა სინოდის პოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის პროფესიული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურება და სერვისები არ გააჩნდა, ეკლესიას ძალიან დიდი როლი ჰქონდა. 

“მათი რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდა. დღეს სახელმწიფოს შეუძლია და პარლამენტში კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, სადაც მსჯელობა სწორედ დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მე საპატრიარქოს პოზიციას აქაც მივესალმები, რომ ქვეყანაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს. უნდა იყოს საგანმანათლებლო, მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროგრამები, რომელიც ჩვენი ნარკოპოლიტიკის რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის, რომ ბრძოლა გამსაღებლებთან უნდა გამკაცრდეს, ესეც ჩვენი ნარკორეფორმის შემადგენელი ნაწილია. ნარკომომხმარებელი მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს, რაც ასევე საპატრიარქოს პოზიციაა. ამიტომ ამ კუთხით თანხვედრა აბსოლუტურია“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ და აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგია.

 

ამავე თემაზე