2018-06-19 20:20:37
შენგელაიას ივანიშვილის "ქართუმ" სტიპენდია შეუწყვიტა - "ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის"

კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია გაუუქმა. ინფორმაცია შენგელაიამ "პირველ რადიოს" თავად დაუდასტურა. რეჟისორი ამ ფაქტს მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს "გაუნათლებელი კაცი" უწოდა. შენგელაია ამბობს, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი განცხადება მიუღებელი იყო. შენგელაია ამბობს, რომ სტიპენდიის გაუქმების გადაწყვეტილება უკანონოა:

"ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის ქართუს ფონდის მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე- ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი ძალიან სასიამოვნოა მეთქი. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა. შეიძლება გადაიფიქრეს , რაც მე მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. მე ამ ქაღალდს რომ მივიღებ, შევისწავლი ამ ფონდის დებულებას და შეიძლება არის რაღაც მითითებები. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს . ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს.

საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ჩემ ფილმებს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს, ყველაზე მოთხოვნადი ფილმებია, ამიტომ აქ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ ამ კინოშემოქმედებას, იმიტომ რომ შემოქმედება ისეთი რამეა, ყველას ეკუთვნის. მეორეც ერთი, მე ვარ რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სია მაგ პრინციპით შედგა ბიძინასთან, რომ გამოჩენილი ხალხი, ვისი ღვაწლიც არსებობს და ბიძინა ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ, ბავშვი ქალი, კაცი, დიღომში, კახეთში ყველგან..." განუცხადა გიორგი შენგელაიამ "პირველ რადიოს"

გიორგი შენგელაიას განცხადება

ამავე თემაზე