საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი „მარიგოლდის“ საწარმოსა და მოდის სახლს გახსნის
2018-06-18 14:37:52 · ამობეჭდვა

2018 წლის 19 ივნისს, 20:00-ზე, თბილისში (პეკინის ქ.9) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიის, „მარიგოლდი“-ს მოდის სახლისა და საწარმოს გახსნა/პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ასევე საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გახსნის ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვლენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და მოდის სახლი „მარიგოლდის“ ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე.

კომპანია „მარიგოლდი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც 2008 წლიდან აწარმოებს საავტორო, ხელნაკეთ საქორწილო სამოსს და სადღესასწაულო ტანსაცმელს. ასევე, კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა კამპანია „ჩაიცვი ქართული“ , რომლის ფარგლებშიც „მარიგოლდს“ აქვს გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ხაზი. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ „მარიგოლდის“ სამკერვალო საწარმო დაათვალიერონ, წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნონ და სადღესასწაულო და „ჩაიცვი ქართულის“ ხაზის საექსპოზიციო მოდელები დაათვალიერონ.

კომპანია „მარიგოლდი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშისო ფორუმებში საქართველოსა და მის ფარგლებშ გარეთ. სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით „მარიგოლდს“ შექმნილი აქვს ბრენდბუქი, სადაც აღწერილია ქვეყნის ისტორიული კუთხეები ტრადიციულ სამოსთან ერთად. ახალ საწარმოსა და მოდის სახლში „მარიგოლდი“ 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.





გაზიარება და მოწონება