2018-06-13 20:15:21
"ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის წამზომი ჩართულია, ძალიან გამართულად და სწრაფად მუშაობს"

„მე ამ გადაწყვეტილებას ვუკავშირებ იმ პროტესტს, რომელიც იყო საზოგადოებასა და ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება იმ ადამიანებისა, რომელსაც უნდა, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს- ასე გამოეხმაურა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრემიერის გადადგომას.

"ეს იყოს შედეგი იმ ერთსულოვნებისა, რაც საზოგადოებაში იყო და შედეგი ხელისუფლების უხერხემლობისა და იმის შედეგი, რომ ერთი ადამიანის გუნება-განწყობაზე არის დამოკიდებული, რას იტყვიან უმრავლესობის წევრები,“- გამაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ შეეშინდა, ძალაუფლება არ დაეკარგა, თუმცა "ახლა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად დაკარგოს ძალაუფლება" აცხადებს ბურჯანაძე და „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება:

„გუშინდელი განცხადებების შემდეგ აბსოლუტურად სამარცხვინო მდგომაროებაში აღმოჩნდა „ქართული ოცნება“. მაინტერესებს, რა სინდისით გამოდიან. როგორც არ რცხვენიათ ტელეკამერების წინ როდესაც ლაპარაკობენ და ახლა გველაპარაკებიან პრემიერის გადადგომის შემდეგ, როცა გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე Unicef-ის კვლევას განიხილავდნენ მხოლოდ,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება კვირიკაშვილის შემცვლელს, ბურჯანაძის თქმით, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და შეიცვალოს ხელისუფლება:

„ბიძინა ივანიშვილი თავის მებაღეს დანიშნავს პრემიერად, მეზობელს, თანაშემწეს თუ უახლოეს ნათესავს, მნიშვნელობა აღარ აქვს. სანამ ბიძინა ივანიშვილი როგორც თოჯინებს ისე მართავს მთავრობას და ხელისუფლებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ გვარს, ვინ სად იჯდება... ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის წამზომი ჩართულია, ძალიან გამართულად და სწრაფად მუშაობს.“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე