უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა არ დასჭირდება - მდინარაძე
2018-06-13 19:57:46 · ამობეჭდვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის გადადგომას კავშირი არ აქვს.

„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე...

სწორი პოლიტიკა იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა არ დასჭირდება და ეს უფრო ადრე მოხდება. მისივე თქმით, მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა „ამ მომენტიდანვე“ დაიწყება.






გაზიარება და მოწონება