ბიზნეს ნიუსი
2018-06-12 18:17:47
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესმენების დაინტერესებით მიზნით ტრენინგების მეორე ეტაპს იწყებს

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს ტრენინგების ციკლს თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროექტისთვის 15  მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული  წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და  ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის ტრენერებმა  ჩაუტარეს.

პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები  მუშაობენ  დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიან  მათ შესაბამის ინფორმაციას  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე. პირველი ასეთი ტიპის ტრენინგების ციკლი დღეს ქალაქ ბათუმში დაიწყო. ანალოგიური ტიპის ტრენინგები საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და  თელავში გაიმართება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს 5  ქალაქში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებსაც გაუწევს ორგანიზებას.

USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე  შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.

ამავე თემაზე