"მერაბი ძია, თქვენ როგორ მოიქცეოდითო... რა ზემოქმედება, ეს კრეტინიზმი საიდან მოიტანეთ?" - მორჩაძეს პატიმრობა შეეფარდა
2018-06-11 12:40:30 · ამობეჭდვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მორჩაძე 8 ივნისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავეს.

თავად მორჩაძემ კი დღევანდელ სასამართლო პროცესზე წაყენებული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ კალანდიას მშობლის თანდასწრების გარეშე არასდროს შეხვედრია.

"რა თანხა შევთავაზე? რა თანხა მივუტანე? არც ერთხელ მივსულვარ კალანდიებთან და არ დავლაპარაკებივარ დედამისის გარეშე. მესიჯი მივიღე თვენახევრის შემდეგ - ამაზე მეტი რა გაგვიჭირდება, სად ხარ, რატომ არ ჩანხარ. ნომერი უცნობი იყო ჩემთვის და ჩავთვალე ეს ხალხი იყო. ამიტომაც მივედი ოჯახში. მიხეილ კალანდიამ თვითონ მკითხა: მერაბი ძია, თქვენ როგორ მოიქცეოდითო. ვუთხარი ვიტყოდი მხოლოდ სიმართლეს-თქო. რა ზემოქმედება, ეს კრეტინიზმი საიდან მოიტანეთ?", - განაცხადა მორჩაძემ.





გაზიარება და მოწონება