ბიზნეს ნიუსი
2018-06-07 16:55:15
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გამგეობისა და საბჭოს გაფართოებულ სხდომას გამართავს

2018 წლის 8 ივნისს, 11:00-ზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და   გამგეობისა და საბჭოს ერთობლივ სხდომას გამართავს.  სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით განსაზღვრულია გამგეობის მიერ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიაში შეყვანის სტანდარტისა და საარბიტრაჟო ცენტრის, როგორც დამნიშვნელი ორგანოს პროცედურული წესების დამტკიცება.

გამგეობა ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც ამ ეტაპზე 6 ძირითადი წევრისგან შედგება. გამგეობის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და იურისტები არიან. ამ ეტაპზე GIAC-ის გამგეობის წევრები არიან: ნინო ჩიქოვანი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე), ზვიად კორძაძე - „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ პარტნიორი და იურიდიულ ფირმათა ასოციაციის თავმჯდომარე, ეფრემ ურუმაშვილი - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი, ჯემალ ინაიშვილი - აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, გამგეობას ჰყავს საპატიო წევრი იას ბანიფატემი - იურიდიული ფირმა Shearman & Sterling-ის პარიზის ოფისის პარტნიორი.

 

გამგეობისა და საბჭოს ერთობლივი სხდომის ფარგლებში,   არბიტრთა სიაში ახალი წევრების დამატების საკითხზეც იმსჯელებენ.  პოტენციური არბიტრების მიერ ორგანიზაციაში  განსახილველად 8 განაცხადია შესული.

 

საერთო სხდომის დასრულების შემდეგ, 8 ივნისს, 14:00-ზე,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC)  ორგანიზებით გაიმართება დისკუსია-სემინარი არბიტრის არჩევის კრიტერიუმების შესახებ. დისკუსიის მთავარი მიზანია გამოავლინოს ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოტენციური არბიტრი. დამსწრე საზოგადოება მოისმენს როგორც საარბიტრაჟო ცენტრის, ასევე მხარეთა წარმომადგენლების მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებენ:  ჯენიფერ იონანი – პარტნიორი, Shearman & Sterling, პარიზის ოფისი; ქეთევან ბეთანელი – იურისიტი, Freshfields Bruckhaus Deringer, პარიზის ოფისი / საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი; სოფო ტყემალაძე – საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი; ბექა ინჯია -  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შემუშავებული არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახლა ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა იქნას არჩეული დავების განსახილველად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურული ორგანოებია გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრული საკითხების შესახებ და მონაწილეობას არ იღებს დავის გადაწყვეტის პროცესში.

 

 

 

ამავე თემაზე