ბიზნეს ნიუსი
2018-06-05 17:00:15
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“- ბიზნეს სექტორს ახალ ინიციატივას გააცნობენ

2018 წლის 6 ივნისს, 12:00-ზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი  ბიზნეს-სექტორს წარუდგენს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.  ღონისძიების თანაორგანიზატორია ასევე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გახსნიან. ღონისძიების  მიზანი ბიზნეს-სექტორისთვის, მათ შორის  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის (რომლებიც ეწევიან ბიზნეს-საქმიანობას)  ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  აფხაზეთის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებასა და გამარტივებას ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; განათლების მისაღებად  დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და წვდომის გამარტივებას განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა (უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო სივრცე).

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, სადაც დამსწრე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები დასვან და პასუხები ადგილზე მოისმინონ. 

ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა  უზრუნველჰყო მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (IHK), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან საპარტნიორო პროექტის ფარგლებში.

ამავე თემაზე