2018-06-04 20:15:20
ენმ-ს არ აინტერესებთ საქმის შესწავლა, მათ აინტერესებთ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - კობახიძე 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას და კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა ხორავას ქუჩის საქმის შესწავლა, არამედ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება აინტერესებს.

„ნაციონალური მოძრაობა“, მათ საჯაროდაც განაცხადეს, არ აპირებს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ აინტერესებთ საქმის შესწავლა, მათ აინტერესებთ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომელიც თბილისში, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეს შეისწავლის. 

კომისიის უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობა იქნება. დღეს გახდა ცნობილი, რომ კომისიაში 9 ადგილი სწორედ "ევროპულ საქართველოს" ექნება. 

ამავე თემაზე