გახარიასთან შეხვედრის დეტალები - "თეთრი ხმაური" მოლაპარაკებებში სერგეენკოს მონაწილეობას ითხოვს
2018-05-16 18:58:06 · ამობეჭდვა

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" შს მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა 12 მაისის სპეცოპერაციები იყო. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, "თეთრი ხმაური" შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობას ითხოვს:

"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით გუშინდელი შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაციის დაგვიანებისთვის, რაც ერთის მხრივ მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარე სატელევიზიო ეთერებმა განაპირობა, მეორეს მხრივ ხდომილებების სიმრავლემ. ბევრი თქვენგანი მედია საშუალებების მეშვეობით უკვე ნახავდით მონაწილეთა მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებებს შეხვედრის თაობაზე, შევეცდებით დეტალურად გიამბოთ და ავხსნათ თუ რა იყო ამის მიზეზი.

შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა კლუბებში განხორციელებული ოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას. შეხვედრას ჩვენი მხრიდან კლუბებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

ოპერაციის საფუძვლად შსს ასახელებს მანამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 12 მაისის ღამეს კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა რეალიზაციის ფაქტებს ქონოდა ადგილი, თუმცა როგორც მოგვიანებით ვნახეთ, სპეცოპერაციის დღეს კლუბებში არცერთი რეალიზატორი არ დაუკავებიათ. მეორე მიზეზად სამინისტრო უცნობი სუბსტანციის გამოჩენის ფონზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ითქვა, რომ მათ იციან კლუბ ბასიანის ადმინისტრაცია გარეული არაა რეალიზაციის საქმეში, მაგრამ ეს გარემოება ღონისძიებას ვერ შეაკავებდა. რაც შეეხება კლუბ "გალერის", მათი თქმით კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, რომელიც დაკავებულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა შიგნით. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი თუ რატომ “ბასიანი”, "გალერი", და "ბლოუ-ბარი", როცა სასამართლოს განჩინება ჩხრეკაზე გაცემული იყო სხვა კლუბებზეც.

კომიკურია, რომ შეიარაღებული სპეციალური რაზმის შესვლა მათ დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილებით გაამართლეს.

სამინისტრო არ თვლის რომ დაირღვა შეკრების და მანიფესტაციის უფლება, ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან.

შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინსტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ჩვენი უკმაყოფილება გამოწვეული იყო შეცდომის უმნიშვნელო აღიარებით, რადგან გუშინ ჩვენ ვერ მივიღეთ მინისტრის ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, დავაყენეთ მოთხოვნა შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა ნაწილში სწორედ ამ უწყების პრეროგატივა უნდა გახდეს. მოთხოვნაზე მივიღეთ მზაობა და ველით დროის შეთანხმებას. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში." ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





გაზიარება და მოწონება