2018-05-16 16:26:20
თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

2018 წლის 16 მაისს,  სასტუმრო „თბილისი რუმს“-ში  საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა გახსნეს.  ბიზნეს-ფორუმი მიზნად ისახავდა  ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ავსტრიის ბიზნეს-სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ინტერესში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება შედიოდა. ქართულ ბიზნეს-სექტორს საშუალება ჰქონდა პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გაემართა  და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ემსჯელა.

ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება,  სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები,  მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ქართული ბიზნეს-სექტორის 110  წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები ავსტრიული და ქართული კომპანიების შესახებ, შემდეგ კი ღონისძიება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  აქტიურად თანამშრომლობს. ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორების დაკავშირებისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით პალატები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ.

„ამჯერად საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა იწყებს თანამშრომლობას ავსტრიის ეკონომიკურ პალატასთან პროფესიული განვითარების კუთხით. ეს სფერო ავსტრიაში კარგად არის განვითარებული. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მათ აქვთ პროფესიული განათლების სხვადასხვა პროექტები, რაც ჩვენთვის შეიძლება იყოს კარგი მაგალითი. იმედი მაქვს, დღევანდელი  შეხვედრები ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება“, – განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.  

 

 

ამავე თემაზე