გამსაღებლის შემთხვევაში კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს - ზოიძე 
2018-05-16 14:22:45 · ამობეჭდვა

კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება , რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს - ეს განცხადება, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

აკაკი ზოიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, უნდა დადგინდეს სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. დეპუტატის განცხადებით, მმართველ გუნდში ძირითადად განსხვავებული პოზიციები ოდენობების დადგენასთან დაკავშირებით არსებობს.

ნარკორეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება.

“რაღაც საკითხებია, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად კონსენსუსს მივაღწევთ. განსხვავებული პოზიციები ძირითადად ოდენობების თემას ეხება, კერძოდ, სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებს. არ მეგონა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არა თუ ჩემს კოლეგას, ან ჟურნალისტს, რაიმე კითხვა ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკი დასჯადი გახდეს მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს. გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ბერკეტები ამოქმედდება, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს. ნარკომომხმარებლების მიმართ ნარკომოხმარება დასჯად ქმედებად რჩება, პირადი მოხარებისთვის და ნარკოტიკის მცირეოდენი ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელი და სამოქალაქო შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ზოიძემ.





გაზიარება და მოწონება