"მოსამართლე გაგიჟებულაო...ადვოკატს ალბათ მისამართი აერია" - მოსამართლე კოჭლამაზაშვილი სააკაშვილის ადვოკატზე
2018-05-16 14:12:35 · ამობეჭდვა

დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა, მოსამართლე გაგიჟებულაო- ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე, სადაც ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია არიან, ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ დააყენა

„შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესში, თითქოს მხარეთა შეუთანხმებლობის გარეშე სვამდა კითხვას. თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემ კითხვას. დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა, მოსამართლე გაგიჟებულაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ​ვიდეო-აუდიო ​ჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი. ამას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ, რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა, მე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი. ადვოკატს ალბათ მისამართი აერია. მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა პროცესზე მოხდა და აერია ბატონ ადვოკატს. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.





გაზიარება და მოწონება