2018-05-14 20:12:05
როგორ იღებენ ქალებს ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციაში და სად ეკრძალებათ მათ სიყვარული

32 წლის გიორგი ჭელიძე ერთი წელია, რაც ქართულ ფაშისტურ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ძნელი სათქმელია,  მთავარი გავლენა  იმ ფაქტორმა მოახდინა  თუ უბრალოდ შემთხვევითი დამთხვევაა, რომ ის და მსოფლიო ფაშიზმის ფუძემდებელი მუსოლინი ერთ დღეს არიან დაბადებული, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი და მისი მიმდევრები მუსოლინის კვალს მიჰყვებიან. ქართულ ორგანიზაციას, რომელსაც ქალებიც შეუერთდნენ, წესდება, იერარქია, მილიტარისტული პროპაგანდა, რასისტული განცხადებები და ის წესები აქვს, რაც მსოფლიო ფაშიზმს და  დარღვევის შემთხვევაში, მკაცრად  ისჯება. ფაშისტური მისალმება, „ფიურერები“, სათათბირო დარბაზი და ეს ყველაფერი,  ერთი შეხედვით,  დიდი ბიჭების პატარა თამაშს ჰგავს, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეს თამაში, დროის შემდეგ  მიზანთან აუცილებლად მივა.         გიორგი ჭელიძე: პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის მაგისტრი ვარ. სამოქალაქო აქტივობებში ადრეული პერიოდიდან ჩავერთე,  თუმცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ. ვიყავი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და ჩემს უბანში გარკვეული გავლენაც მქონდა. ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროში, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთვის მიუღებელი ორი კანონი დაამტკიცა,  მივხვდი, რომ კურსი, რომელიც ხელისუფლებას ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან აქვს, არ შეიცვლებოდა. ჩემი ხელით  დავწერე გათავისუფლების განცხადება და წამოვედი.  ერთი წელია, რაც „საქართველოს ეროვნული ერთობა“ დაფუძნდა. ხმაური და სკანდალი ჩვენს ორგანიზაციას დაარსებიდან  მოჰყვება. თბილისში ასი ადამიანი გვყავს გაერთიანებული. რეგიონებშიც არიან ჩვენი წევრები, რომელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. ჯერ არ გვაქვს ოფისები და ძირითადად, სტადიონებზე, სკვერებში ვიკრიბებით. ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნება უკავშირდება იმ   რეალობას,  რომელშიც  დღეს  ქართველი ერია,  შეიქმნა  პლატფორმა,  რომელზედაც ჩვენი ორგანიზაცია დგას. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2050 წელს საქართველოში განახევრდება ეთნიკურად ქართველი, ჩევნ  შეყვანილი ვართ  მომაკვდავი ერების ხუთეულში, რაც, ჩემი აზრით, საგანგაშო  სიგნალია. ადრე, როდესაც ქართველი უცხოელს მიყვებოდა ცოლად, მის ნაშიერს იმ ქვეყანაში ზრდიდა, სადაც თხოვდებოდა, დღეს სხვა რამ ხდება.  ქართველი ქალი, რომელიც ზანგსა და ირანელს, საქართველოში მიმრავლებს, ერის მოღალატეა. საქართველო ქართველების ქვეყანაა. კი, ბატონო, მოვიდნენ სტუმრად, მაგრამ, როგორც მოსვლით გვახარებენ, ისე წასვლით გაგვახარონ.  – თქვენი ორგანიზაცია ფაშისტურ მოძღვრებას ეფუძნება, ფაშისტური ატრიბუტიკა, მისალმების ფორმა, მკაცრი წესდება  და აგრესიული  პოლიტიკა –  მაშინ, როცა  კალენდარზე 2018 წელია,  თქვენ შავკანიანებს ზანგებს უწოდებთ და  ქართველებს შეიარაღებისკენ მოუწოდებთ.  – ზანგი შოთა რუსთაველის  მიერ საუკუნეების წინ გამოყენებული სიტყვაა, ასევე, სულხან-საბა ორბელიანის, არა მგონია, მათზე დიდი მოღვაწეები ბევრი გვყავდეს, პირიქით, კანის ფერზე აქცენტი, უფრო დიდი შეურაცხყოფა მგონია, ვიდრე ზანგი.  ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს ფესვებთან. ჩვენ „ვაწვებით“ ფაშიზმს და ნაციონალ-სოციალიზმს, ჩვენ ვართ ამ მიმდინარეობის მიმდევრები. მიუხედავად იმისა, კალენდარზე 2018 წელია,  არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი იდეები არ არის  თანამედროვე და პროგრესული. ჩვენ არ ვართ აგრესიული ძალა, ფაშიზმი არის ეროვნული იდეის სრულყოფა. ჩვენ ქართველ ფაშისტებს გვეძახიან, რაც ჩემთვის დიდი პატივია, სხვათა შორის, მე და მუსოლინი ერთ დღეს ვართ დაბადებული, რაც ძალიან სასიამოვნოა. ფაშიზმი ხომ საერთოდ  მუსოლინის მოგონილია. ჩემთვის გმირია ყველა ის ქართველი ფაშისტი, ვინც გერმანიის მხარეს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიო პროცესების თანმდევია, ყველა ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ამერიკაში. ეროვნული იდეა რომ ჭეშმარიტებაა, ამას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს, ეროვნული იდეის სრულყოფა მოიცავს ერის ტრადიციებს, მორალს, ეთიკას, ეკონომიკას, რელიგიას, განათლებას, ეს ყოვლისმომცველი იდეოლოგიაა. ფაშიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი დემონიზირებული იქნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული კაცობრიობის მტრების, კომუნისტებისა და ლიბერალების მიერ, თორემ ფაშიზმი, წარმოდგება  იტალიური სიტყვისგან – ფაციო, რაც ნიშნავს ერთობას. ასე, ერთ კონად შეკრულია ჩვენი საზოგადოება.     – როგორ ხვდებიან ადამიანები თქვენს რიგებში და ქალი წევრებიც თუ გყავთ? – ჩვენთან მოსულ ადამიანებს უწევთ მკაცრი წესების გავლა, ნაცნობობით და დაძმობით ჩვენთან ვერ ხვდებიან,  ყველას არ ვღებულობთ, ხუთიდან მხოლოდ ერთი მსურველი შეიძლება, გახდეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი, მკაცრი და სასტიკი წესდება გვაქვს, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციიდან ირიცხებიან.   ადამიანებს, ვინც ხდებიან ჩვენი წევრები, უნდა ჰქონდეთ ფაშისტური იდეოლოგია,  ის აუცილებლად უნდა გამოიცადოს ერთგულებაში, ეს ჩვენი შიდაგანაწესია, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ორგანიზაციის წევრები თავისი  ადამიანური რესურსით ხვდებიან სხვადასხვა მიმართულებებში – იდეოლოგიის, პროპაგანდის, „დამრტყმელი ძალის“ და ასე შემდეგ. მაგალითად, შავპერანგიანმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადება, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვთხოვთ ქალბატონებს, რომლებიც ჩვენს რიგებში უკვე მრავლად არიან. – რა დარღვევებისთვის  რიცხავთ ორგანიზაციის წევრებს? – საკმაოდ მკაცრია მოთხოვნები – აკრძალულია დაუმორჩილებლობა, თვითნებობა, დისციპლინის დარღვევა, რასის შერევა... ჩვენი ორგანიზაციის წევრს არ აქვს უფლება, მოიყვანოს ზანგი ცოლი ან, უბრალოდ, შეუყვარდეს ასეთი ვინმე.  სასურველია ქართველი ქართველზე დაქორწინდეს,  სხვა ერზე, მაგრამ თეთრი რასის წარმომადგენელზე ქორწინება, საპატიოა. მე ჯერ არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ როცა დრო მოვა, ეს ჩემთვის  გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.  ორგანიზაციაში ქალებს და მამაკაცებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, არ შეიძლება მათ ერთმანეთის მიმართ სიმპათია და ემოცია გამოხატონ, შეეხონ ერთმანეთს, როცა ყველა ერთად ვართ, თუმცა, ორ ფაშისტს თუ ერთმანეთი შეუყვარდება, ამას რა ჯობია, უბრალოდ,  ორგანიზაციაში ყოფნის დროს პირადი გრძნობები და სიყვარული  არ უნდა გამოხატონ. ჩვენ, ყველა, პატრიარქატისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრე ვართ, არ ვეკარებით ნარკოტიკს, არ ვეტანებით სასმელს.  – მკლავზე ფაშისტური სამკლაურები გაქვთ, ერთმანეთს ხვდებით, ეგრეთ წოდებული, „ფაშისტური მისალმებით“ – გაშლილი ხელით, ეს მხოლოდ სათათბიროს და დარბაზის შეკრებებზე ხდება, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც?  – ეს ჩვენი შექმნილი სიმბოლიკაა და ყოველდღე ამ სამკლაურებით დავდივართ, ქალაქში გადაადგილების დროსაც კი, თუ არ ვატარებთ, გულთან ახლოს  ჯიბეში გვაქვს. მე როცა მძინავს, მაშინაც ფაშისტი ვარ. გაშლილი ხელით მისალმება ძველ რომშიც არსებობდა, მხოლოდ ფაშისტური არ არის. თანამებრძოლები ერთმანეთს ამ მისალმებით ვხვდებით. ასეთი მისალმება ქართულ რეალობაშიც არსებობდა, რაც შემორჩენილია ცეკვა „ხორუმში“. ვიყენებთ მოკლე მისალმებასაც, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი იყენებდა. ეს არის მისტიკური მისალმება და ნიშნავს ღმერთისა და ადამიანების  სამშვიდობო კავშირს –  გაშლილი ხელით შენთან მოვედი, ხელში არაფერი მიჭირავს.      – სამშვიდობო ეძახეთ და, კი დაიპყრეს ამ გაშლილი ხელით რომაელებმა და ფაშისტებმა ნახევარი  მსოფლიო, რატომ მოუწოდებთ ქართველებს შეიარაღებისკენ, თქვენი ვიდეორგოლით, რომელიც იარაღის ფონზე გაქვთ გადაღებული სამართალდამცველებიც დაინტერესდნენ. ორგანიზაციის წევრები  შეიარაღებულები ხართ?    – დიახ შეიარაღებულები ვართ, კანონის ფარგლებში ვატარებთ იარაღს.  ორგანიზაციის წევრების  უმეტესობას გვაქვს იარაღი:  სანადირო თოფი, „ვინჩესტერი“, პისტოლეტი, ნახევრადავტომატური იარაღები, ვიცავთ მათი მოხმარებისა  და გადატანის წესებს.   ჩვენ, ფაშისტები, კანონდამცველი ხალხი ვართ. დღეს შეიარაღება ჩვენი ერთადერთი გამოსავალია. ჩვენ არ ვართ მომხრე,  დროშიანმა ქართველმა კაცებმა „ჯოს, ჯოს“ იძახონ. ავტომატიან და ტანკებიან ხალხს, ავტომატებით და ტანკებით ელაპარაკებიან. როცა საჭიროა, ჩვენ პროტესტით გამოვდივართ ქართული ინტერესის დასაცავად. მაგალითად, გასულ წელს გავაპროტესტეთ, როცა რუსი ბაიკერები უნდა შემოსულიყვნენ თბილისში; ახლაც გამოვხატეთ პროტესტი, როცა ერთ-ერთ ორგანიზაციაში არჩილ  ტატუნაშვილის პლაკატები ჩამოხიეს. მიგვაჩნია, რომ ქართველ მამაკაცს, რომელიც უხსოვარი დროიდან იყო მებრძოლი, იარაღი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩვენ ირგვლივ ყველა ერი მილიტარიზდება და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი?  – ქართველი მამაკაცი ხმლითაც დადიოდა.  – ხმალი არაპრაქტიკულია, თორემ რატომაც არა. ძალიანაც გამიხარდებოდა, ქართველი მამაკაცები ეროვნულ ტანსაცმელს და ხანჯალს ან მაუზერს რომ ატარებდნენ.   ამერიკაში, ქუჩაში დადიან იარაღით, აგერ  ტრამპმა მასწავლებლებს დაურიგა იარაღი, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დღეს ქუჩაში შეიარაღებულებმა უნდა ვიაროთ, არა მხოლოდ მამაკაცებმა, ქალებმაც. მათ იარაღის დაშლა-აწყობა აუცილებლად უნდა იცოდნენ, ამის შესასწავლად კი სკოლაში სამხედრო გაკვეთილები უნდა არსებობდეს. რაც უფრო ახლო ვიქნებით წინაპართა ფესვებთან, მით უფრო ძლიერი იქნება საქართველო.  – თქვენ ორგანიზაციის მეთაური ხართ, გყავთ ოცეულის, ასეულის მეთაურები, მწიგნობართუხუცესი, გაქვთ დარბაზობა. ისეთი იერარქია  გაქვთ, ჰიტლერსა და მუსოლინის რომ შეშურდებოდათ. როგორც ვიცი, თქვენი, როგორც მეთაურის, პორტრეტი, არ უკიდიათ თანამებრძოლებს, „გადაგიკეთებიათ“  ფაშიზმი.   –  მე მეთაური  კი ვარ, მაგრამ არავის არ ვთხოვ, ჩემი პორტრეტის დაკიდებას და თაყვანისცემას, ამას დამსახურება უნდა. ყველა ორგანიზაციას სჭირდება ხელმძღვანელი, მე ვარ მეთაური, თუმცა გვყავს ოცმეთაურიც, ასმეთაურიც, როგორც არმიაშია. წარმატების საიდუმლო არის დისციპლინასა და ორგანიზებულობაში. ყველა ფაშისტური ორგანიზაცია კარგად იერარქიულია, ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა. მუსოლინის აქვს ნათქვამი, ყველა ერს ექნება თავისი ფაშიზმი ამ ერის სპეციფიკით  განპირობებულიო. ობერშტურმანფიურერს ვერ დავირქმევდით, იმიტომ, რომ ქართველები ვართ, ამიტომაც ავიღეთ სახელები ჩვენი ისტორიიდან.   გვყავს შავპერანგიანთა, ეგრეთ წოდებული, „დამრტყმელი ბატალიონები“, რომლებიც უზრუნველყოფენ წესრიგს  ჩვენი აქციების დროს.     – ერთი შეხედვით, ეს დიდი ბიჭების ბავშვურ თამაშს ჰგავს – სამეთაურო დარბაზი,  დამრტყმელი ძალა, იდეოლოგია, პროპაგანდა, ფაშისტური სამკლაური თუ მისალმება.  – წლების მერე ვისაუბროთ, ეს თამაშია თუ არა,  ყველაფერს დრო გვიჩვენებს. თუ ამას თამაშს უწოდებთ, იცოდეთ, რომ საინტერესო „თამაშია“, რომელსაც ექნება შედეგი. ჩვენ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გვყავს, წლებთან ერთად უფრო ფართო მასებს შემოვიკრებთ და საკმაოდ რეზულტატიანი „თამაში“ გამოგვივა, უკვე ბევრს დავუფრთხეთ ძილი და ასე ვაპირებთ გაგრძელებას.     

"თბილისელები"

ამავე თემაზე