ნარკოდანაშაულში ბრალდებულების საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
2018-05-14 19:39:00 · ამობეჭდვა

ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

"წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და ქ.მ.-ს ორ-ორი ეპიზოდი, გ. მ. -ს, მ. მ. -სა და ლ. მ.-ს თითო ეპიზოდი).

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებულ დროსა და ადგილას უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა პირზე თბილისში მდებარე კლუბებსა და სხვა ტერიტორიაზე.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების საპროცესო მიზნების მიღწევას. კერძოდ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლოს განჩინების თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულად გარკვევაში ხელის შეშლის საფრთხეები. ამდენად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა." ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება