2018-05-01 13:34:21
49829 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

49829 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბანკები და ფინანსები" ავრცელებს. 

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 49829 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთის 7.25%-ზე შენარჩუნებით მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2183.8 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

"1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2330-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 2,062  მილიონიდან 2183.8 მილიონ ლარამდე.

49829 ხელშეკრულებიდან 17949 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 285,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 16.6% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 18358 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.07%-ში. მთლიანი პორტფელი კი 744,5 მილიონი ლარია.

10,709 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1096,89 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 385,4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.1%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 711,5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.1%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 674 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 11,992 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 17.7%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2139 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 45,2 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 22%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1071,81 მილიონი ლარით, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები 11.5%-დან 13.1%-მდე გაიზარდა.  „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა განაპირობა ლარის რესურსზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ვფიქრობთ, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის ფონზე მოთხოვნა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება,"-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ამავე თემაზე