2018-04-25 18:39:50
ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის უფროსის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ იან ბრუქს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ ნატოელ გენერალს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ალიანსსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით აგრძელებს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციას, რითიც თავისი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების მხარდაჭერაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს უწყობს ნატოს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის ხელმძღვანელმა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო და მისი პარტნიორები“ ლექცია წაიკითხა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლექციას სამხედრო მოსამსახურეები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და თავდაცვის უწყების უცხოელი მრჩევლები დაესწრნენ.

ვიზიტის ბოლოს, გენერალ-ლეიტენანტი იან ბრუქსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრა (JTEC). JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორისთვის ცენტრის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და მას სწავლება „ნატო-საქართველო 2019“-ის მოსამზადებელი პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამავე თემაზე