კვირიკაშვილს ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს - ბახტაძე პრეზიდენტობის კანდიდატი?
2018-04-25 12:42:06 · ამობეჭდვა

ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გუნდის შიგნით არსებულ კრიზისთან დაკავშირებით. შეხვედრის მოლოდინის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერ მინისტრი რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს მართავს. რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, თუმცა პარტიას ჯერჯერობით კანდიდატი არ დაუსახელებია.

როგორც არაოფიციალურად არის ცნობილი, სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატია პარტიის ორ ფრთას შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი - ე.წ. ახლები და ე.წ. ძველები საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან, თუმცა არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა კანდიდატად მისი ერთ ერთი ფავორიტი, ფინანასთა მოქმედი მინისტრი მამუკა ბახტაძე შესთავაზოს.

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაში. პრემიერ მინისტრის და შესაბამისად პარტიის თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა დატოვოს გიორგი კვირიკაშვილმა და ის ინფრასტრუქტურისა და რეგინალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლოს.

ცქიტიშვილი "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობის ადმინისტრაციის უცვლელი უფროსი იყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ის 30 მარტს დაინიშნა. მაია ცქიტიშვილი ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის ყოფილი პრემიერის და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს და მასთან დაახლოებული პირია.





გაზიარება და მოწონება