2018-04-22 12:19:09
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლმა, ავღანეთის ეროვნული არმიის I დივიზიის I ბრიგადის IV ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანური მოკავშირე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა.
31-ე ბატალიონის მეთაურმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის ხელმძღვანელმა მოტორიზებული პატრულირებისას და სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ასევე ქართულ ქვედანაყოფთან მჭიდრო თანამშრომლობისათავის ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედროებს მადლობა გადაუხადეს და სიგელებით დააჯილდოვეს.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს სისტემატურად უტარებენ. სწავლებებში ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ავღანელ ჯარისკაცებს მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

ამავე თემაზე