სიახლეები
პოლიტიკა
ეკონომიკა
მთავარი სიახლე
2018-04-21 16:31:20
ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ქუთაისი, ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი ერთმანეთს დაუკავშირდება - კვირიკაშვილი

ჩვენ მიერ ბიზნესისთვის სწორი პირობების შექმნამ განაპირობა ის, რომ აქ, თანდათან, სულ უფრო ვითარდება ადგილობრივი წარმოება- ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"ამის ძალიან კარგი მაგალითია კომპანია - „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელიც გახლავთ შვეიცარიასთან ერთობლივი საწარმო, აქვს ძალიან მაღალი წარმოება მესაქონლეობის დარგში და დღეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ამ კომპანიის ხელშეწყობით და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ონსა და ამბროლაურში მუშაობს მესაქონლეობის ახალი საწარმოები, რომლებიც სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში.

აგრეთვე, წელს ამბროლაურში გაიხსნა სრულიად ახალი საწარმო „რაჭული ლორი“, რისთვისაც 350 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმოები, თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას.

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვეობის შესაბამისი უნარ-ჩვევები და დაეუფლონ მათთვის საჭირო, ახალ და მოთხოვნად პროფესიებს. ამიტომაც, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ასე მაგალითად, რეგიონში მუშაობს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“, სადაც სტუდენტთა სამეწარმეო იდეების განვითარების ხელშესაწყობად შექმნილია აგრეთვე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია,"-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, რეგიონისთვის ასევე უდიდესი მნიშვნელობის პროექტია ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 45 კმ-იანი 2-ზოლიანი გზა, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება. ეს იქნება უმოკლესი, მაღალი სტანდარტის გზა, რომელიც 1 საათით შეამცირებს გადაადგილების დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 

"ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ქუთაისი, ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი ერთმანეთს დაუკავშირდება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, იქნება ძალიან დიდი სტიმული რეგიონის განვითარებისთვის.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 255 სოფელს, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ შეღავათებს მთაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.

ამავე თემაზე