ლელა ჩიქოვანი ნატოს ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს
2018-04-19 14:45:53 · ამობეჭდვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია ნატოსთან საქართველოს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის პარტნიორობის მიზნების (PARP PG) განხორციელების განხილვა და განახლება. ნატოს ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მასპინძლობს.

ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფმა წარმატებით შეაფასა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის პარტნიორობის მიზნების (PARP PG) სამუშაო ვერსია, ხაზი გაუსვა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

დოკუმენტით აღებული პარტნიორობის მიზნების შესრულება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს. დოკუმენტი ნატოს შტაბ-ბინაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება.

ვიზიტის ფარგლებში, წარმომადგენლებმა შეხვედრები ასევე, გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.





გაზიარება და მოწონება