ციფრული კარტოგრაფიული ინფორმაციის მართვისა და მიწოდების კურსის პირველი გამოშვება
2018-04-05 15:20:36 · ამობეჭდვა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინოვაციური პროექტი - „ციფრული კარტოგრაფიული ინფორმაციის ქსელური მართვა და მიწოდება” დაინერგა. პროექტი მიზნად დიდი მოცულობის ციფრული კარტოგრაფიული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და შეიარაღებულ ძალებში მის ეფექტურ გამოყენებას ისახავს. პროექტის ფარგლებში პორტალი GIS -გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა შეიქმნა, რომელზეც აღნიშნული ინფორმაცია განთავსდა.

GIS პორტალის სრულყოფილად ამოქმედებისა და ადაპტირების მიზნით, J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და ტოპოგრაფიული სამსახურის ორგანიზებით, გეოინფორმაციული სისტემების და GIS პორტალის სწავლების ერთთვიანი კურსიც ჩატარდა, რომელსაც ტოპოგრაფიული სამსახურის ექსპერტები უძღვებოდნენ.

კურსის დასრულება დღეს სამხედო მოსამსახურეებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ, J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ და ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნოდარ ხორბალაძემ მიულოცეს. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატებთან ერთად, საჩუქრად ოფიცრის ატლასები გადასცეს.

ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის შემუშავების პროცესში გაწეული დახმარებისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კურსი 27 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, რომლის განმავლობაში მათ ნებისმიერი სივრცითი ამოცანის გადაწყვეტაში GIS-ის სისტემის გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. კურსდამთავრებულები ტერიტორიის სხვადასხვა მასშტაბის ტოპო-რუკების გამოყენებასა და 3დ მოდელირებას დამოუკიდებლად შეძლებენ.

ამ მიმართულებით მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებულ ძალებში გეოინფორმაციული სისტემების მოხმარების კიდევ უფრო ფართოდ დანერგვას ხელს შეუწყობენ, რაც სამხედრო ოპერაციებისა და სწავლებების ეფექტურად დაგეგმვისა და მართვის პროცესებზე დადებით გავლენას მოახდენს.





გაზიარება და მოწონება