საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა სტუდენტებმა ნატოს დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღნიშნეს
2018-04-04 19:01:06 · ამობეჭდვა

4 აპრილი ნატოს დაარსების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში გორის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, საზღვაო კაპიტანმა შტეფან ანიქოფერმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ უმასპინძლეს და საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ესაუბრნენ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალიწინებულ ინიციატივებსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პესპექტივებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს სტუდენტებს მათთვის მოწყობილი ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენის დათვალიერებისა და სიმულაციური სწავლების ცენტრის მონახულების საშუალებაც ჰქონდათ.

წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 69-ე წლისთავი აღინიშნება.

სტუდენტები ვაზიანში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.





გაზიარება და მოწონება