საპატრიარქოს საგანგებო განცხადება: "იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება"
2018-03-14 18:10:59 · ამობეჭდვა

საქართველოს საპატრიარქოს სახელი, მამამ მიქაელ ბოტკოველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომელმაც ჯერჯერობით შედეგს ვერ მიაღწია და ამის გათვალისწინებით, დაგეგმილია ახალი პროვოკაცია უმაღლესი იერარქის მიმართ:

"ეკლესიასთან ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს. რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა. საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და რა თქმა უნდა ციანიდის საქმე. რატომ ხდება ეს? გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისათვის. მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ლგბტ პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ლიბერალიზაციის არასწორ სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას. რომ იგი იღწვის წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად მართლმადიდებლური სწავლების დაცვისათვის და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისათვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც ჩვენი ინფორმაციით იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებული. მივმართავთ ყველას ვისაც გული შეტკივა ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აყვნენ ცილისმწამებლებს,პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებებს. ვფიქრობთ, მალე გაირკვევა სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და რას ემსახურება. საქართველოს მართლმადიებლი ეკლესია კი უფლის მადლით იყო არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს. განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს." განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.





გაზიარება და მოწონება