სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-03-14 00:14:36
ბორჯომში კრიზისი გრძელდება - მერია ხელფასების გაზრდას ისევ ითხოვს

ბორჯომის მერია საკრებულოს ხელფასების მატებას კიდევ ერთხელ სთხოვს. შესაბამისი მიმართვა საკრებულოში უკვე გაიგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მერია ამჯერადაც  თანამდებობის პირებისთვის ხელფასის 450 ლარიან მატებას ითხოვს. მისივე განცხადებით, არ შეცვლილა არც საკრებულოს პოზიცია, თვითმმართველი ორგანო მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

"არანაირი კონსენსუსი მიღწეული არ არის, მერი არ მოხდის შეხვედრაზეც კი რომ შევხვდეთ. რაც შეეხება ნუსხას, ისევ ძველი ნუსხა ჩამოგვაწოდეს, უზომოდ გაზრდილი ხელფასებით, რაც აქამდე იყო პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ მოვუმატოთ ერთი რანგით, რიგით თანამშრომლებზე არანაირი პრობლემა არ არის და ჩვენ ამას ვეთანხმებით. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს - მათ აქვთ ხელფასი დღეს არსებული 1550 ლარი, პირველი ნიხრით ემატებათ 150 ლარი, მაგრამ ესენი ითხოვენ მოგვიმატეთ 450 და გაგვიხადეთ 2000 ლარი. 

ამ დროისთვის შეუძლიათ ბორჯომის მერიის თანამშრომლებს ძველი ნიხრით ჩაურიცხონ თანხა. 

არჩევნების წინ ეთქვათ ბორჯომის მოსახლეობისთვის რომ ხელფასების ასეთ რაოდენობით მატებას აპირებდნენ და დავინახავდი რა ხმებსაც მიიღებდნენ. 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავიტანოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება კარგი. 

კიდევ ერთი მოთხოვნა ბორჯომის მერიამ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით დღეს გადმოგვიგზავნა. საკრებულოს სხდომა მიმდინარე კვირაში ჩაინიშნება. ეს საკითხი ერთ-ერთი განხილვის თემა იქნება, თუმცა ჩვენ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ,"-განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.  

ამავე თემაზე