2018-03-09 16:50:13
ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრის შემოყვანასთან დაკავშირებით ჯერ შესაბამისი კვლვები უნდა ჩატარდეს - ლევან დავითაშვილი

ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრის შემოყვანასთან დაკავშირებით ჯერ შესაბამისი კვლვები უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე მავნებლის პოპულაციის შემცირების სხვადასხვა მეთოდზე ისაუბრა.

დავითაშვილის განცხადებით, განიხილება ბიოლოგიური მტრის შემოყვანაც, თუმცა ჯერ შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარდეს.

„ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ნებისმიერი ახალი მწერი, რომლის პოპულაციაც არ რეგულირდება ბუნებრივად, მას არ გააჩნია მტერი. ეს საკითხი განიხილება როგორც მეცნიერებს შორის, ასევე ჩვენთანაც. საქართველოს პირობები სხვა მავნებლისთვის, სხვა მწერისთვის შესაძლოა, საკმაოდ მიმზიდველი გახდეს და საქართველოში ფაროსანას გამოუჩნდება მტერი, ან ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენელი, ან შეიძლება მოხდეს სხვა მწერის ბუნებრივ პირობებშიც ინტროდუქცირება. ეს არის განხილვის საკითხი, ამას სჭირდება ღრმა შესწავლა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრის შემოყვანასთან დაკავშირებით ჯერ შესაბამისი კვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ყველა ქვეყანაში ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის კვლევითი სამუშაოები. ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ზუსტად, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება. თუმცა, საქართველოს სამწუხაროდ ამ კუთხით პოტენციალი ჯერ კიდევ შესაქმნელი აქვს, გასავითარებელი გვაქვს ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაზეც სახელმწიფო ფულს ხარჯავს. ჩვენი მეცნიერები ინტენსიურად არინ ამ სამუშაოებში ჩართული. ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება 2018 წლის განმავლობაში შესწავლა ბიოლოგიური მტრის მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის მყისიერი პასუხი გამოწვევაზე, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტა პრობლემის და გრძელვადიან პირობებშიც ის იქნება მხოლოდ ერთი კომპონენტი პრობლემის მოგვარების, პოპულაციის დარეგულირების და არა ერთადერთი.

საუბარია არა მხოლოდ იაპონურ კრაზანაზე, განიხილება ასევე სხვა მავნებელი, სოკოები, პარაზიტები და ა.შ. იაპონურ კრაზანასთან მიმართებით კი ავღნიშნავ, რომ ეს მარტივი არ არის, ესე ერთი ხელის მოსმით მას ვერ შემოიყვან, მას უნდა შეექმნას პირობები სასარგებლო გამრავლების, იმდენად უნდა გამრავლდეს, რომ მოერიოს ფაროსანას პოპულაციას და მაინც არ იქნება ეს ერთადერთი მეთოდი პოპულაციის დარეგულირების. როგორც აღვნიშნე, არის ერთ-ერთი ბევრი ბრძოლის საშუალებიდან და არა ერთადერთი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ამავე თემაზე