ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი მოწმის მხრიდან ჩვენების შეცვლის შესახებ ადვოკატების განცხადებას უარყოფს
2018-03-07 18:59:46 · ამობეჭდვა

ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე ადვოკატების განცხადებას მოწმის მხრიდან ჩვენების შეცვლის შესახებ უარყოფს. ფხაკაძის თქმით, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნული მოწმის ჩვენება გამამტყუენებელ განაჩენს დაერთვება. მისივე თქმით, მოწმის მხრიდან დაზუსტდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების გარკვეული დეტალები, რაც ორივე მხარის დაკითხვის დროს ბუნებრივია. "დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ დეტალურად მიუთითა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მან დეტალურად აღწერა თუ რა ვითარებაში და ვის შორის მოხდა კონფლიქტი, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მასზე გუნდურად შერაცხული ქმედების ჩადენას. ინფორმაცია, რომ მოწმემ შეცვალა ჩვენება, არის აბსოლუტური სიცრუე. მოწმემ ისაუბრა მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ასახულ დეტალებზე. ასევე, მოწმის დაკითხვის დროს დაზუსტდა გარკვეული დეტალები, რაც ბუნებრივი პროცესია, რადგან სასამართლო განხილვის დროს ხდება გაცილებით მეტი კითხვის დასმა ორივე მხარისგან. სარწმუნოა თუ არა მოწმის ჩვენება, ამას სასამართლო გადაწყვეტს. იმედი გვაქვს, რომ დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება დაერთვება გამამტყუნებელ განაჩენს",- განაცხადა ფხაკაძემ.





გაზიარება და მოწონება